სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას უცხოური მედია ეხმაურება | 15.10.2021

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას უცხოური მედია ეხმაურება. “ათიათასობით ქართველმა დედაქალაქ თბილისში პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა” – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს “ფრანს პრესი”. გამოცემის შეფასებით გუშინ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივმა დევნამ დასავლეთი შეაშფოთა, მისმა დაკავებამ კი საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. გუშინდელ აქციას ეხმიანება “დოიჩე ველე” და “როიტერი”. სააგენტოები წერენ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილისთვის ათასობით ადამიანმა აქცია გამართა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.