რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით ადამიანი – “ოცნებაში” თავებს ითვლიან | 15.10.2021

მმართველი პარტია გუშინდელ აქციას ხელოვნურად ორგანიზებულს უწოდებს და აცხადებს, რომ  პროტესტი მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ოპოზიციურ სპექტრში თანხმდებიან, რომ გუშინდელი აქცია არ იყო ვიწროპარტიული ინტერესების გარშემო შეკრებილი ხალხის პროტესტი. მათი თქმით, აქციამ აჩვენა, რომ მოსახლეობას ცცვლილებები სურს, ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად კი არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.

“თავისუფლება მიშას” – ამ მოთხოვნის გარშემო გუშინ ათასობით ადამიანი თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა. საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეებმა მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლება და ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება მოითხოვეს. აქციას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების გარდა სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.