სამოქალაქო პანაშვიდი – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულები დაკრძალეს | 12.10.2021

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულები დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ ის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც 8 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების მთავარი გმირები არიან. მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას, თითქმის 30 საათი თავდაუზოგავად ცდილობდნენ.

ტრაგედიის ადგილას, 26 მაისის 13 ნომერთან, უკვე მეოთხე დღეა გლოვის კედელია აღმართული, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ასე მიაგებენ პატივს გარდაცვლილთა ხსოვნას.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის მკურნალობას კლინიკა “მედცენტრში” გადის. ექიმის ინფორმაციით, შესაძლოა პაციენტი ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში  გადაიყვანონ.​

ტრაგიკული შემთხვევის დროს  გადარჩენილი ორი მოქალაქე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მოინახულა. ამ დრომდე სტრესულ მდგომარეობაშია ბავშვი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე  სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს და პარლამენტის მიერ შესაბამისი ნორმების დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობს. კახა კუჭავა ძველ, საბჭოთა კორპუსებზე წარმოებულ მიშენებების პრობლემასაც გამოეხმაურა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით კი, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაძლოა, მუნიციპალური სამსახურის უფლებამოსილება გაფართოვდეს. ნათია თურნავას თქმით, 8 ოქტომრის ტრაგედია ყველასთვის გაკვეთილია. სწორედ ამიტომ, მთავრობა კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

9 გარდაცვლილი  და 2  გადარჩენილი სიცოცხლე – ასეთია 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში, სახლის ნგრევის  ტრაგიკული ისტორია. 7 სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო მოულოდნელად ნანგრევებად იქცა. შემთხვევას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, სამი ბრალდებული ჰყავს – ჩამონგრეული სადარბაზოს ერთ-ერთი   ბინის მეპატრონე და  მის მიერ დაქირავებული ორი მუშა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.  პროკურატურა კი ტრაგიკული ფაქტის ირგვლივ ხმაურიან  ინფორმაციას ავრცელებს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევამდე მუშებმა რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს, რომ კედლები მოძრაობდა, გამაგრება სცადეს, შემდეგ კი ადგილი დატოვეს. ეს ვერსია ქმნის ვარაუდს, რომ შესაძლოა ბათუმის ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.