ვინ უერთდება და ვინ -არა, სააკაშილის გათავისუფლების მოთხოვნით ნაცმოძრაობის დაანონსებულ აქციას | 12.10.2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბრის აქციისთვის ემზადება. თბილისის აქცია უკავშირდება ერთის მხრივ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებას, ხოლო მეორეს მხრივ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. პარტიაში ამბობენ, რომ  ეს იქნება ღია აქცია და ეპატიჟებიან ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა სურს ხალხს. საბოლოო შედეგი კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

ოპოზიციის ნაწილი 14 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაში მონაწილეობა ყველა ოპოზიციურ პარტიას შესთავაზა, თუმცა აქციამდე ორი დღით ადრე – „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „მოქალაქეები“ შეთავაზებაზე უარს ამბობენ. აქციაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, პარტიების ლიდერების უმრავლესობა იზიარებს იმ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და  მისი გათავისუფლება მალე უნდა მოხდეს. სასამართლო სისტემა კი პოლიტიკური ზეწოლისგან უნდა გათავისუფლდეს.  მათი თქმით, აუცილებელია ოპოზიციის ფოკუსი მიმართული იყოს მეორე ტურზე და ეს ფოკუსი არავითარ შემთხვევაში არ დაიკარგოს.

„ვუერთდები 14 ოქტომბრის აქციას იმიტომ რომ, ეს ცდება ერთი პარტიის საკითხს“ – ერთადერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც, ამ ეტაპზე, აქციაში მონაწილეობას ადასტურებს, ელენე ხოშტარიაა. „დროას“ ლიდერის განცხადებით,  ქვეყნისთვის სამარცხვინოა ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა მესამე პრეზიდენტია.

მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ყოფილმა პრეზდენტმა საკუთარ Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა და საზოგაოდებას ამცნო რომ საქართველოში იმყოფებოდა. როგორც გაირკვა სააკაშვილი ქვეყანაში 4 დღის ჩამოსული იყო, გადაადგილდებოდა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ისე, რომ ქვეყნის სამართალდამცავმა უწყებებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მეტიც, ამტკიცებდნენ, რომ ძებნილ პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია. თუმცა, დღის ბოლოს პრემიერმა ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი მართლაც საქართველოში იმყოფებოდა და ის  თბილისში  დაკავეეს.