ღარიბაშვილის ღია წერილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ და სეფასებები პრემიერ-მინისტრზე | 06.10.2021

ვრცელ მიმართვაში ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების ვერსიებს განიხილავს. პრემიერმა დაასახელა სააკაშვილის ნარკოდამიკიდებულება, გადატრიალების სურვილი, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე ეჭვიანობა და ყურადღების ცენტრში მოქცევის სურვილი. ღარიბაშვილს ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიაჩნია.  საბოლოოდ პრემიერი შეჯერდა, რომ სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული, რადგან მაქსიმუმ 5000 კაცის შეკრებას შეძლებდა. საპროტესტო ტალღას კი პოლიცია წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით უმარტივესად დაშლიდა.  გადატრიალების განზრახვის ვერსიის გასამყარებლად  ღარიბაშვილი ვარდების რევოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2003 წელს  სააკაშვილმა ძალაუფლება სწორედ  გადატრიალების გზით და  ქვების სროლით  მოიპოვა.

ვრცელ წერილში ირაკლი ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, როგორ შემოვიდა ძებნილი პრეზიდენტი საქართველოში. ღია და ვრცელი წერილი პრემიერმა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას დაუთმო.

ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მზად არის ნარკოტესტირება ჩაიტაროს. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც  ადვოკატები  სააკაშვილს შეხვდნენ. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები ღარიბაშვილს ე.წ. ჩელენჯს სთავაზობენ და პრემიერს მოუწოდებენ, ნარკოტესტი პრემიერმაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაიტაროს.

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას 3 ოქტომბერს აპირებდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა “ქართულ ოცნებას” მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო და სოციალურ ქსელის მეშვეობით მხარდამჭერებს საქართველოდან მიესალმა. მალევე ექსპრეზიდენტმა რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში იმყოფებოდა. “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ ძებნილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთილი არ ჰქონდა. დღის ბოლოს კი მმართველი პარტიის ლიდერებს  უხერხული რეალობა დაუდგათ.  პრემიერმა ღარიბაშვილმა  საზოგადოებას აცნობა, რომ სააკაშვილი, თბილისში  დაკავეეს.