„მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ბრალდებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიოთ“ – ევროპარლამენტარები | 06.10.2021

„მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში,  ბრალდებები მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების შესახებ, საფუძვლიანად უნდა გამოიძიოთ“, – 2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივი განცხადებით აფასებენ.

ისინი აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედია პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც, ზოგჯერ, სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა. მათივე თქმით, პერსონალური თავდასხმები ხშირად ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული საკანონმდებლო ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა და, ამომრჩევლებს სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ. ევროპარლამენტარები მთავრობას მომდევნო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებისა და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ პოლიტიკაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობაა და აუცილებელია ესეც გათვალისწინებული იყოს.

“გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის. ძალიან ხშირად, პირადი თავდასხმები პოლიტიკურ დებატებზე ჭარბობდა, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ისევე, როგორც ბრალდებები, ამომრჩევლის მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლისა და ჟურნალისტების დაშინების შესახებ, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული. არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, აღმოიფხვრას პირველი ტურის დროს დაფიქსირებული შეცდომები“.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები