სააკაშვილის შიმშილობის მეხუთე დღე რუსთავის ციხეში – ექსპრეზიდენტი ახალი ბრალის წარდგენის მოლოდინში | 05.10.2021

მიხეილ სააკაშვილი ახალი ბრალის წაყენების მოლოდინშია. უკვე მეხუთე დღეა ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. სააკაშვილთან შესახევედრად მესამე პრეზიდენტის მეუღლე, დეპუტატი ლიზა იასკო ჩამოვიდა.

სააკაშვილის ინტერესებს 6 ადვოკატი დაიცავს. ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 10 ნოემბერსაა ჩანიშნული, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება. მანამდე კი ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რომ პროცესები უფრო ადრე ჩაინიშნოს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქალაქო სასამართლოში წარდგენის საშუალება მიეცეს. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს  ზარების განხორციელების უფლება შეუზღუდეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს. ამჯერად ადრესატი უკრაინის პრეზიდენტია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზელენსკის  მადლობას უხდის იმ განცხადებისთვის, რომელიც მან დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.  სააკაშვილი წერს, რომ უკრაინა მისი მეორე სამშობლოა და ის პუტინის პირადი პატიმარია.

“ჩემზე ემოციურად ძალიან იმოქმედა თქვენმა სიტყვებმა, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, თუმცა ძალიან მიყვარს უკრაინაც, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ჩემი ცხოვრების ბევრი წელი გავატარე და სადაც მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს მოქალაქეობა, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, შემეტანა მოკრძალებული წვლილი თქვენ მიერ გატარებულ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში. ვინაიდან ფაქტობრივად ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით,” – წერს სააკაშვილი.

დაიწყებს თუ არა მმართველი პარტია მოლაპარაკებას უკრაინის მხარესთან – უახლოეს პერიოდში გაირკვევა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. კახა კუჭავას შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუხდეს. მმართველი გუნდის რიტორიკა კი უცვლელია. ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება და ვალდებულები იყვნენ მესამე პრეზიდენტი  დაეკავებინათ.

ოპოზიცია კი კვლავ  პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.  ამბობენ, რომ  ქვეყანაში დიდიხანია პოლიტიკური მართლმსაჯულება მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას 3 ოქტომბერს აპირებდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა “ქართულ ოცნებას” მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო და სოციალურ ქსელის მეშვეობით მხარდამჭერებს საქართველოდან მიესალმა. მალევე ექსპრეზიდენტმა რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში იმყოფებოდა. “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ ძებნილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ ჰქონდა. დღის ბოლოს კი მმართველი პარტიის ლიდერებს  უხერხული რეალობა დაუდგათ.  პრემიერმა ღარიბაშვილმა  საზოგადოებას აცნობა, რომ სააკაშვილი, თბილისში  დაკავეეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები