ბიძინა ივანიშვილის უპასუხო კითხვები – ვინ რა არჩევანი გააკეთა | 02.10.2021

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა  საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დააფიქსირა. ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.  ხმის მიცემის შემდეგ კი  მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა  და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება.

ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა თავისი არჩევნა ქვეყნის პრემიერმა.   ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად შვილთან ერთად იმყოფებოდა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი.  კახა კალაძის განცხადებით, ხმა მისცა მშვიდობას და სტაბილურობას.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი  ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა. თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ დღევანდელი დღე განახლების არჩევნებია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს  ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს.  თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა, მელია  მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

ვაკის საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ელენე ხოშტარიამ.  გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ტარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება საქართველო.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირაპ პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარემ და პოლიტიკური პლატფორმა “მესამე ძალის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა ცვლილებას, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე. გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა მოქალაქის ვალია გამოიყენოს არჩევანის  უფლება და იყოს პასუხისმგებელი საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე.

არჩევანი დააფიქსირა “ევროპული საქართველოს”  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ. გიგი წერეთელი განმარტავს, ამ არჩევნებს არსებითად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის და ხაზს უსვამს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო უნდა იყოს განვითარებული, ევროპული ქვეყანა.

პარტიული სიმბოლიკით მივიდა  საარჩევნო უბანზე პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავას “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრიანი პირბადე ეკეთა.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თავდაცვის მინისტრმა.  ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ხმა დემოკრატიულ, ადამიანის და საკუთრების უფლებებზე დაფუძნებულ პრინციპებს მისცა.

მე-16 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მხარი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას დაუჭირა.