„რაო მიხომ, ჩამივდივარო“? – ხელისუფლება სააკაშვილის დაკავებით იმუქრება | 28.09.2021

2 ოქტომბერი, 23:00 საათი – სწორედ ამ დროს აპირებს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას. რამდენჯერმე დაანონსების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც შეიძინა. მეტი დამაჯერებლობისთის ექსპრეზიდენტმა საკუთარ Facebook-ზე ფოტოც ატვირთა და მხარდამჭერებისთვის ვიდეომიმართაც გაავრცელა. სააკაშვილი ამბობს, რომ 2 ოქტომბრის ისტორიულ რეფერენდუმზე ის თბილისში დაბრუნდება და ამომრჩევლის ხმებს ხალხთან ერთად დაიცავს. თუმცა, ამავე დროს სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ამ ბრძოლაში ხალხი გვერდით დაუდგება.

მართალია მიხეილ სააკაშვილმა უკვე ბილეთიც შეიძინა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს მისი საქართველოში ჩამოსვლის  არ სჯერა. ღარიბაშვილი სააკაშვილს მშიშარას უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული პრეზიდენტი ქვეყანაში მაინც შემოვა, მას დააკავებენ და ციხეში გაუშვებენ. პრემიერი ასევე პატიმრობით ემუქრება ყველას, ვინც სააკაშვილის დაკავებას ხელს შეუშლის.

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას “ქართულ ოცნებაში” სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ეს არის მორიგი დაპირება, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი არ შეასრულებს. მმართველ პარტიაში თვლიან, რომ სააკაშვილის განცხადება შოუს ნაწილია და 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩევლის მობილიზებას ემსახურება. ამის თქმის საფუზველს კი “ქართულ ოცნებას” თვითმფრინავის ბილეთი აძლევს, სადაც წერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი თბილისში ჩამოფრენას არჩევნების დღის ბოლოს, ღამის 11:00 საათზე გეგმავს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი დარწმუნებულნი არიან, რომ დევნილი პრეზიდენტი ამჯერად დაბრუნდება და მისი ჩამოსვლა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებზე მისვლის  ბიძგს მისცემს. სააკაშვილის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ მისი დაკავებაც მოხდეს, თუმცა თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

“ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ შესაძლოა არჩევნების შედეგებზე პირიქით უარყოფითი გავლენა იქონიოს. პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლების ცვლილებას მხარი აღარ დაუჭიროს.

დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაერთი დაპირების შემდეგ 2 ოქტომბერს გაირკვევა. ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის დაკავებით იმუქრება, ამ ფონზე კი უცნობია რისი იმედი აქვს თავად სააკაშვილს.