“დეკანოზს სავარაუდოდ სუს-ის მასალებზე სურდა საუბარი” – ადვოკატებს გიორგი მამალაძესთან არ უშვებენ | 28.09.2021

გლდანის ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მის უფლებადამცველებს არ უშვებენ. მსჯავრდებული სასულიერო პირის ადვოკატები მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში თავად მამალაძის თხოვნით მივიდნენ, თუმცა ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ შეხვედრისთვის თავისუფალი ადგილი არ არის. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ გიორგი მამალაძეს საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების შესახებ სურდა.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ რამდენიმე წელია გიორგი მამალაძეს საპატიმროშიც კი უსმენდნენ. ერთ-ერთ ფაილში გაშიფრულია დეკანოზის ზარი მის ძმასათან.

“13 თებერვალს, საპატიმრო დაწესებულების ტელეფონით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაუკავშირდა თავის ძმას თორნიკე მამალაძეს, რომლის ბოლო დროინდელი სატელევიზიო გამოსვლები შეაფასა დადებითად. დეკანოზი დაინტერესდა, თუ როდის გეგმავს თ.მამალაძე პარლამენტის შენობის წინ კარვის დადგმას. ამასთან, გ.მამალაძემ თავის ძმას დაავალა დაუკავშირდეს მის ადვოკატებს და სთხოვოს აუცილებლად ნახონ დღეს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ინტერვიუ. დეკანოზის თქმით, ი.გოგაშვილის ინტერვიუს შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, წერილს გაუგზავნის ნ.მელაძეს, სადაც ისაუბრებს ინტერვიუში გაჟღერებული საკითხების დეტალებზე. მისივე თქმით, ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილსაც, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ სინოდის წევრები არ იცნობენ დეკანოზის საბრალდებო დასკვნას გაუგზავნის წერილს და ამხელს ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში. გ.მამალაძის განმარტებით, როდესაც ნ.ფაჩუაშვილმა მოინახულა საპატიმრო დაწესებულებაში ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ დეკანოზის დაკავებამდე „ოქრომჭედლობისთვის თავადაც ეძებდა ციანიდს.“

ჰქონდა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ეს საუბარი სინოდის წევრს განმარტებების გაკეთება არ სურს. მეუფე ნიკოლოზი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებს. თუმცა, გვიდასტურებს, რომ წლების წინ სახელოსნოსთვის  მოოქროვილი ნივთები სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ დაინტერესდა ციანიდით.

სხვა ვერსიას ყვება ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. დეკანოზის უფლებადამცველი ამბობს, რომ პატრიარქის მდივან რეფერენტმა თავად თხოვა საპატრიარქოში არაერთ პირს ციანიდის მოძიება. ადვოკატი წლების შემდეგ ისევ ამტკიცებს, რომ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება – ციანიდი საქმის მასალებში არ დევს.

ადვოკატების ინფორმაციით უკვე წლებია გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ უკვე მესამე წელია მსჯავრდებულ სასულიერო პირს გადაადგილება უჭირს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. სასულიერო პირი სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.