ევროკავშირის ოფისთან გუშინ განვითარებული მოვლენები კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა | 24.09.2021

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. ევროკავშირის ოფისთან გუშინ განვითარებული მოვლენები კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა.

არჩევნებამდე 9  დღით ადრე  ოპოზიცია ხელისუფლებას ძალადობრივ  წინასაარჩევნო კამპანიაში ადანაშაულებს. ელენე ხოშტარია, რომელიც არჩევნებში ნიკა მელიასთან ერთად იბრძვის, მომხდარზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს. “დროას” ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ  მმართველმა პარტიამ დააორგანიზა თავდასხმა და ბლოკირება ევროკავშირის საელჩოზე.  ხოშტარიას თქმით, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ე.წ. გლდანის ვოლკები  იყვნენ მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კარლ ჰარცელი პოლიტიკურ ლიდერებს შორის დაპირისპირების პარალელურად,  პირდაპირ ხაზზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ოპოზიციონერ  პოლიტიკოსებს ევროკავშირის წარმომადგენლობა უსაფრთხოდ დაეტოვებინათ, თუმცა ჰარცელმა უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღო. ოპოზიცია ინსტიტუციის ჩამოშლაზე საუბრობს. ამბობენ, რომ “ქართული ოცნება”  მოძალადე ჯგუფებს მწვანე შუქს უნთებს.

მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური ვითარება წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დაიძაბოს. სწორედ ამიტომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და გომელაურის უწყებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

“ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეები ერთმანეთს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გუშინ დაუპირისპირდნენ. კარლ ჰარცელთან შესახვედრად მისულმა ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ერთმანეთს ჯერ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართეს, შემდეგ კი სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მელიამ კობახიძეს უსინდისო და ივანიშვილის მონა უწოდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ კი პოლიტიკური ოპონენტი პროვოკატორად მოიხსენია. დაპირისპირებას ადგილზე “ოცნების” პარტაქტივის მობილიზაცია მოჰყვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები