ვაქცინებს შესაძლოა ვადა გაუვიდეს თუ ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპი ასე გაგრძელდა | 23.09.2021

ვაქცინებს შესაძლოა ვადა გაუვიდეს – ექიმებისა და ეპიდემიოლოგების შეფასებით, თუ ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპი ასე გაგრძელდა, შესაძლოა არსებული ვაქცინები უსარგებლო გახდეს, ამიტომ ისინი მოსახლეობას მძიმე ეპიდვითარების თავიდან ასაცილებლად აცრისკენ მოუწოდებენ. ბოლო რამდენიმე დღეა, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 15 000-მდეა მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იდღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას გეგმავდნენ. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ  თუ ვაქცინაციის ტემპი ასე გაგრძელდა, Pfizer-ის ვაქცინებს ვადა გაუვა.

ვაქცინის ვადებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ვახტან კალოიანის თქმით,  საქართველოში ვადაგასული ვაქცინა არ გვაქვს და  მოსახლეობასთან მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია უნდა მივიდეს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რამაც ვაქცინაციის ტემპი შეამცირა არასწორი საინფორმაციო კამპანიაა.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია 15 მარტიდან დაიწყო. ამ დრომდე სრულად აცრილია 740 000-ზე მეტი ადამიანი – რაც ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 26% შეადგენს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღე-ღამეში 12 948 ადამიანი აიცრა. რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 47 ადამიანი კი გარდაიცვალა.