მოახლოებული არჩევნები და გახშირებული ძალადობის შემთხვევები – ეპიცენტრი დმანისია | 22.09.2021

დმანისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს. სოფელ განთიადში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისას 28 წლის დავით დაუთაშვილმა დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სამ მხარდამჭერს.

დაპირისპირების დროს დაჭრილი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები გვიან ღამით,  თბილისში, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. დაშავებულებს თავის, სახისა და ზემო კიდურის არეში, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აქვთ. თავდასხმის შედეგად, მიიღეს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის დახურული ტრავმებიც. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა  მიხეილ დაუთაშვილმა, დმანისში მომხდარი დაპისპირებაზე პასუხისმგებლობა დღეს ოპოზიციას დააკისრა.  ამბობს, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. მისივე თქმით,  ამ ფაქტის შესახებ იცოდა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რის გამოც მის შვილს პროვოკაცია მოუწყეს.

დმანისში მომხდარი დაჭრა ოპოზიციას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ  “ქართული ოცნება” ძალაუფლების შესანარჩუნებლად ფიზიკურ ძალადობას არ მოერიდება. ისინი  მომხდარ ფაქტზე სრულ პასუხისმგებლობას სახელისუფლებო პარტიას აკისრებენ  და დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ, მათ შორის მიხეილ დაუთაშვილს კანდიდატურის მოხსნისაკენ მოუწოდებენ. ამ მოთხოვნით, დღეს დმანისში ოპოზიციამ აქცია გამართა.

“ქართულ ოცნებას” ძალადობრიოვი საარჩევნო კამპანიის გამო, აკრიტიკებს  გიგა ბოკერიაც. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა  დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც  თქვა, რომ ყველა არჩევნების წინ “ქართული ოცნება”, ოპონენტების დემონიზებასა ცდილობს.  მისივე თქმით, ადამიანების დაშინებისთვის მმართველი ძალა კრიმინალურ სამყაროს წევრებს იყენებს.  ივანიშვილის რეჟიმის წინასაარჩევნო ძალადობის საჩვენებლად, გიგა ბოკერიამ  ჟურნალისტებს სხვადასხვა წელს მომხდარი წინასაარჩევნო დაპირისპირებების ამსახველი კადრებიც აჩვენა.

სოფელ განთიადში მომხდარ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩიც.  კარლ ჰარცელმა ელჩმა აღნიშნა, რომ ძალადობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის.

დმანისში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ში თვლიან, რომ მსგავსი ინციდენტები ხელს უწყობს ამომრჩევლის დაშინებას და ხელს შეუშლის გამჭვირვალე, მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

დმანისში მომხდარ სისხლიან დაპისპირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის მუხლებით იძიებს.