დიპლომატიური სკანდალი – სუს-იდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაიბარეს | 22.09.2021

დიპლომატიური სკანდალი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ბრიუსელში ევროკავშირშის ოფისში დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ  ჰარცელმა გააჟღერა.  როგორც სუს-ის საიდუმლო  ფაილებიდან ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. კარლ  ჰარცელი ფიქრობს, რომ ეს კითხვის ნიშნებს აჩენს ვენის კონვენციიდან გამომდინარე.

ელჩის ბრიუსელში დაბარება საგარეო უწყებამ დღეს განცხადების დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.

“ელჩების სავარაუდო მოსმენა საერთაშორისო სკანდალია” – ასე აფასებს ოპოზიცია  ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში, საქართველოს ელჩის დაბარებას.  ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა და პოლიტიკური გაფრთხილება რეაგირების გარეშე  არ  დარჩება.

სკანდალური მასალები, რომლის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. ირკვევა, რომ უსმენენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.  ფაილებში გვხვდება საჯარო პირების პირადი საუბრებიც. ახლა მთავარი საკითხია, რას იტყვის ირაკლი შოთაძის უწყება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე და დადგება თუ არა უკანონო მოსმენების გამო ვინმეს  პასუხისმგებლობის საკითხი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები