ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. რას ამბობენ ეპიდემიოლოგები კორონა ვირუსის მეხუთე ტალღაზე | 20.09.2021

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი იკლებს. ბოლო 24 საათში ჩატარებული 12 503 ტესტიდან COVID-19-ის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს კიდევ 34 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 575 -მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 23 795 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 320 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროში მოსალოდნელ მეხუთე ტალღაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ კოვიდვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვაქცინაცია. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბოლო დღეებში აცრების საგანგაშო რაოდენობა დაფიქსირდა. მაგალითად, გუშინ მხოლოდ 7000 ადამიანი აიცრა, რაც დაბალი მაჩვენებელია.

ვაქცინაციის ტემპის კლებას საგანგაშოდ მიიჩნევენ მედიკოსები. მათი თქმით, თუ წლის ბოლომდე ქვეყანაში კიდევ მილიონი ადამიანი არ აიცრება, კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩევნებელი მკვეთრად გაიზრდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ახალ  ტალღებს პროგნოზირებენ.

20 სექტემბრის მონაცემებით ქვეყანაში სულ 1 655 040 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24,8%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახლად კი წლის ბოლომდე ჯანდაცვის უწყებამ მოსახლეობის 60%-ზე მეტი უნდა აცრას, რაც ბოლო დღეების სტატისტიკის გათვალისწინებით ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.