რატომ გვისმენენ ფარულად – აქვს თუ არა კითხვები ირაკლი შოთაძის უწყებას მმართველ გუნდთან | 17.09.2021

ამ დრომდე უცნობია აქვს თუ არა კითხვები ირაკლი შოთაძის უწყებას მმართველ გუნდთან. სკანდალური ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა დოკუმენტებში მოყვანილი საუბრების შინაარსი  არაერთმა პირმა დაადასტურა. მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნება” ჩანაწერების ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს. სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციაზე  მმართველ გუნდში აზრი ორად იყოფა. უმრავლესობის ნაწილი ხელს გიორგი გახარიას, ნაწილი კი “ნაციონალურ მოძრაობას” ადებს.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით ოპოზიცია სკანდალური მასალების ავთენტურობას ეჭვქვეშ არ  აყენებს. ამბობენ, რომ აუცილებელია გაირკვეს ინფორმაციების წარმოშობის საკითხი  და დამნაშავეთა პასუხისმგებლობა დადგეს.

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იმსჯელეს.  ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრებმა  სახალხო დამცველის მოადგილესთან შეხვედრაზე,    სავარაუდოდ, სუს-ის მიერ უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ, ევროპის სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობები განიხილეს.

მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ირაკლი შოთაძის უწყევამ ჩანაწერების სამი ათასამდე დოკუმენტი  უნდა შეისწავლოს. დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება.  ირკვევა, რომ უსმენენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.  სავარაუდო ფარული ჩანაწერები  2014-2021 წლებით თარიღდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები