სუს-ის საიდუმლო მასალები და ურთიერთბრალდებები – ახალი ფაილებით, პატრიარქი გადადგომას აპირებდა | 15.09.2021

სუს-ის საიდუმლო ფაილებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ისევ წინა ხელისუფლება გააკრიტიკა  და  თქვა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეკლესიისა და სახელმწიფოს  წინააღდეგ შეთქმულება მოაწყო. ამ ყველაფრის ტირაჟირებას კი კრიტიკული მედია ახდენს.

ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკით არ შემოიფარგლა.  ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერმა ირიბად გახარიას გუნდისკენ მიანიშნა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ახსენა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. სუს-ის ფაილებთან ხოჯევანიშვილის კავშირს არც კახი კალაძე გამორიცხავს.

“ქართული ოცნების” ბრალდების საპასუხოდ პარტია “საქართველოსთვის” მოითხოვს, ფარული ჩანაწერების საქმეზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები.

სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ დოკუმენტებში განსაკუთრებული აქცენტი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე კეთდება. სუს-იდან გამოჟონილი ახალი ფაილებით დგინდება, რომ პატრიარქი ილია მეორე გადადგომას აპირებდა. გადაწყვეტილება მას მისმა ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ შეაცვლევინა. საპატრიარქოს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება  არ გაუკეთებია.  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განცხადებას მხოლოდ სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მედიასაშუალებებს მიმართავს სკანდალური  ფაილები გადასცენ.

მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

სკანდალური მასალების შესახებ გამოძიების დროულად დასრულებას ითხოვს ოპოზიცია.  ამბობენ, რომ აუცილებელია გაირკვეს ინფორმაციების წარმოშობის საკითხი  და დამნაშავეთა პასუხისმგებლობა დადგეს. “ქართული ოცნება” კი ირწმუნება, რომ გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

ავთენტურია თუ არა  სკანდალური ფარული ფაილები, რომელსაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს-ამაზე ახლა პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს.    ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.  ირაკლი შოთაძის უწყევამ ჩანაწერების სამი ათასამდე დოკუმენტი  უნდა შეისწავლოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები