სუს-ის ფარული ფაილები და სასულიერო პირების პირადი ცხოვრება | 14.09.2021

ავთენტურია თუ არა  სკანდალური ფარული ფაილები, რომელსაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს.  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  მასალებთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.  გრიგოლ ლილუაშვილის უწყებამ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ   გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება.  ირკვევა,რომ უსმენენ სინოდის წევრებს,პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.

ჩანაწერების სამი ათასამდე დოკუმენტის ავთენტურობას კითხვის  ნიშნის ქვეშ არ აყენებს მედიის დიდი ნაწილი. ადასტურებენ, რომ შინაარსი იდენტურია. აღმოჩნდა, რომ ფარული მიყურადღება მიმდინარეობდა ჟურნალისტებზე.

სავარაუდო მოსმენების მრავალტომიან ჩანაწერებში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული დეტალებიც მოხვდა.  ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ სასულიერო პირებს ყველაზე მეტად არა მამალაძის გამართლების, არამედ “ციანიდის საქმეში” ჩართული პირების გამოჩენის ეშინიათ.

სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე კეთდება. ფაილში სახელწოდებით  “მრუშები”,  ჩამოთვლილია იმ სასულიერო პირების სახელები, რომლებსაც ქალებთან, მათ შორის მონაზვნებთან, ინტიმური კავშირი აქვთ ან ჰქონდათ.  დოკუმენტებში ინფორმაციაა იმ სასულიერო პირებზეც, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შეძენა-შენახვა-რეალიზებაში. მათ შორის, ერთ-ერთი მღვდელმსახური “ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად მოიხმარდა სამების კელიაში”.  ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური.  ამ დრომდე არაფერს ამბობს საპატრიარქო, თუმცა  მასალების გასაჯაროების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ. ეპარქიის მღვდლებს მოსმენებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ და აინტერესებთან იმ ბრლდებების შესახებ, რასაც მეუფე სტეფანე მათი მისამართით ახმოვანებდა.

ერთ-ერთ ფაილში, სახელად – საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შეჩერების და საპატრიარქოში უკანასკნელ პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმა, საუბარია იმ გზებზე, რომლითაც, სავარაუდოდ, სუს-ი ცდილობს საპატრიარქოს პეტრე ცაავასთან დაკავშირებულ მდგომარეობაში დაეხმაროს.  დოკუმენტების თანახმად, საპატრიარქოს მიზანმიმართულად უნდა მოეხდინა პეტრე ცაავასა და მისი მხარდამჭერების მადისკრეტირებელი ინფორმაციის ტირაჟირება. სინოდის ყოფილი წევრი, რომელიც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა, დღეს, კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციას ამჟღავნებს. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს,რომ რამდენიმე თვის წინ სასულიერო პირებისგან სიჩუმის სანაცვლოდ გარკვეული დაპირებები მიიღო. ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ დოკუმენტშიც მოხვდა.

საჯარო პირებს შორის, ვინც  გავრცელებული ფარული ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, ერთ-ერთია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი. მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ მასსა და მეუფე თეოდორეს შორის გამართული საუბარი ნამდვილად შედგა. ხაზარაძე მზად არის საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცეს.   “ლელოს” ლიდერი აბმბობს,რომ აუცილებელია გამოძიება დაიწყოს   ხაზარაძე ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელის, შსს მინისტრის გადადგომას და გახარია-ღარიბაშვილისგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს.

სავარაუდო ფარული ჩანაწერები  2014-2021 წლებით თარიღდება. მედიის ინფორმაციით, პირი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასაიდუმლოებული კრებსები სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა აკაკი ნემსაძეა. მან რამდენიმე თვის წინ სავარაუდოდ თავი მოიკლა.