ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება, თუმცა სიკვდილიაონობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია | 13.09.2021

ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება, თუმცა კვლავ მაღალია ლეტალური შემთხვევები. ბოლო 24 საათში კორონავირუსს 48 პაციენტი ემსხვერპლა. დადასტურდა  ვირუსით ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა. შემცირებული სტატისტიკა აისახა როგორც სამედიცინო დაწესებულებებზე, მათ შორის, საველე ჰოსპიტლებზეც.

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციის მიმდინარეობასა და მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაზე დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა. საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი.  პირებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ COVID-19, კონფერენციებსა თუ სხვა ტიპის ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა, ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს   განმარტებით,  მედიცინის პროგრამების სტუდენტებს, რომლებიც სწავლების პრაქტიკულ ნაწილს არადისტანციურად გადიან და ვაქცინირებულები არ არიან, კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯით pcr ტესტის ჩატარება მოუწევთ.

დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განათლების სფეროში ვაქცინაციის სტატისტიკური მონაცემები გაასაჯაროვა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტუდენტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ამ დროისთვის, სრულად ვაქცინირებულია სტუდენტების 17%.  კერძო და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა ვაქცინაციის მაჩვენებელი კი  70%-ის ფარგლებშია.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კვლავ აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა შეინიშნება ტენდენცია, რომ ვაქცინაციის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შემცირდა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ვითარება საყურადღებოა.  სწორედ ამიტომ ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 233 პირი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები