საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა – ევროკავშირი | 31.08.2021

მთავრობის გადაწყვეტილებას, მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლი ჯულიენ კრამპი ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურმა თბილისმა მიიღო, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ეს თანხა უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამების პირობების ხელმოწერისას აიღო. ის ამბობს, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.