COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება. კორონავირუსით მე-13-ე ორსული გარდაიცვალა | 27.08.2021

ქვეყანაში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება. გუშინ კორონავირუსით მე-13-ე ორსული გარდაიცვალა. ორსული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში 30 ივლისს შეიყვანეს. 1 აგვისტოს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. გუშინ კი 19 წლის გოგო გარდაიცვალა. კლინიკაში ამბობენ, რომ ორსული ქალი სავარაუდოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.

კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევების მატებას ჯანდაცვის მინისტრი დაგვიანებულ სტაციონარიზაციას უკავშირებს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ორსულებში გახშირებულ ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს. დასკვნის შემდეგ კი იმსჯელებენ უნდა შეიცვალოს თუ არა ორსული ქალებისთვის ვაქცინაციის პროტოკოლი.

ეპიდემიოლოგები და მედიკოსები ორსულებში ლეტალობის შემთხვევების ზრდაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პრევენციის ერთადერთი საშუალება ორსულების ვაქცინაციააა. ისინი მოუწოდებენ ორსულ ქალებს დაუყოვნებლივ აიცრან. მედიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა მალე 12-წლიდან ზევით  ბავშვთა  ვაქცინაციაც დაიწყოს.

ორსულთა და ბავშვთა ვაქცინაციის აუციებლობაზე საუბრობენ ბავშვთა კლინიკებშიც, სადაც ამ დრომდე პედიატრიული პაციენტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. მხოლოდ ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 88 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი ჩვილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.  ციციშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ ბავშვების ინფიცირება ძირითადად მშობლებისგან ხდება, რომლებიც ხშირ შემტხვევაში აუცრელები არიან.

ჯანდაცვის სამინისტრო ლეტალობის მაჩვენებლის კლებას ჯერ-ჯერობით არ ელოდება, თუმცა ქვეყანაში შედარებით იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ. დღეს  კორონავირუსის 4031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითიც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 536 202-მდე გაიზარდა. ვირუსის გავრცელება დაიწყო პენიტენციურ დაწესებულებებში. ბოლო სამ დღეში კორონავირუსი უკვე 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, პატიმრების მდგომარეობა სტაბილურია.

ინფიცირებულთა რაოდენობის მცირედით კლების გამო პაციენტების რაოდენობა შემცირდა დიღმის საველე ჰოსპიტალში. ამ დროისთვის იქ 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, თუმცა როგორც მედიკოსები ამბობენ, ხვალიდან დიღმის საველე ჰოსპიტალი დროებით დაიხურება, ვინაიდან კლინიკებში საწოლები  გამონთავისუფლდა. ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში კი, ამ დროისთვის 79 პაციენტი მკურნალობს. გუშინ მდგომარეობის გაუარესების გამო 3 პაციენტი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, პაციენტების ნაწილის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა და ისინი ჟანგბადდამოკიდებულები აღარ არიან.

საქართველოში ჯამში 1 095 069 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 12.1%-ია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები