კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი და უმძიომესი ეპიდვიტარება ქვეყანაში | 26.08.2021

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სულ უფრო მძიმდება. ბოლო 24 საათში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოში კორონავირუსს კიდევ 79 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000 გადააჭარბა.

სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლებას ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ-ჯერობით არ ალოდება და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. უწყებაში ამბობენ, რომ დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით კი ორსულებში, ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენცია.

გარდაცვალების შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკის ფონზე ქვეყანაში მკვეთრად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ბოლო 24 საათში COVID-19-ით  4128 ადამიანი დაინფიცირდა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 532 171-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ყველა მათგანი სამოქალაქო პირებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის არსებობა არ დასტურდება.

ინფიცირების მზარდი სტატისტიკის გამო კლინიკებში თავისუფალი საწოლები აღარ არის. შედარებით მსუბუქი პაციენტები საველე ჰოსპიტლებში გადაჰყავთ. დიღომში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 43 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. პაციენტების დახლოებით 80% ჟანგბადდამოკიდებულია. 64-მდე გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, სადაც ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.

საქართველოში არსებული მძიმე ეპიდვითარების ფონზე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას კვლავ აცრისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ აუცრელობა და ნიღბის არ ტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია. ქვეყანაში ამ დროისთვის სულ მილიონ 65 848 აცრა ჩატარდა. მხოლოდ გუშინ 26 700 ადამიანი აიცრა, რაც ეპიდემიოლოგების თქმით არასაკმარისია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები