ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე ბადრაგმა ჩაიყვანა, ოლიმპიურ ჩემპიონს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა | 19.08.2021

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მისცეს. ოლიმპიური ჩემპიონი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან  ახმეტაში ბადრაგის თანხლებით  ჩაიყვანეს.  ყოფილი პარლამენტარის, ზურაბ ზვიადაურის ძმა დღეს დაკრძალეს,  ზვიად ზვიადაური 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში სისხლიანი გარჩევისას მოკლეს.

ოლიმპიურ ჩემპიონს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ გვიან ღამით შეუფარდა. ზურაბ ზვიადაურის ინტერესების დამცველები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა პროკურატურა ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. პროკურორის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი,  ამიტომ თუ ის გათავისუფლდებოდა, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე.

ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველები კი  წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან  და გასაჩივრებისთვის ემზადებიან. ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ 16 აგვისტოს ზურაბ ზვიადაურის ქმედება მხოლოდ აუცილებელი მოგერიება იყო. ამავე პოზიციაზეა თავად ყოფილი დეპუტატი, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და პოლიტიკოსი ზაქარია ქუცნაშვილი. მათ მოსამართლეს სიტყვითაც მიმართეს, თუმცა მათი შეთავაზება სასამართლომ არ გაითვალისწინა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ზურაბ ზვიადაურს ბრალდების მხარე იმ პირის მკვლელობას ედავება, რომელმაც მანამდე მის ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. როგორც ცნობილია თელავში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.  სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში და ორმხრივ სროლაში გადაიზარდა.  ზვიადაურის სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს განახლდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები