უმძიმესი ეპიდვითარება ქვეყანაში – პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო გახდა | 17.08.2021

დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის მდგომარეობა საკმაოდ რთულია.   თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით,  არც ერთი პაციენტი, რომელსაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება, დღემდე, ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩენილა.  რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

კლინიკებში არსებული რთული მდგომარეობის ფონზე მზადყოფნაშია საველე ჰოსპიტლები.  დიღმის შემდეგ საველე ჰოსპიტალი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში მოეწყო. თავდაცვის ძალები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვებიან. სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებას ასეულობით საწოლი გადასცა და მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში, დელტას ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს.

კვლავ უცნობია,  განახლდება თუ არა მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, სასწავლო პროცესი სექტემბრიდან.  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბრისთვის, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია არ შეიცვალა, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. გამყრელიძე იმედოვნებს, რომ სექტემბერში აცრილთა რიცხვი 900 000 მიაღწევს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  6 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 490 462-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 6 483 ადამიანი ემსხვერპლა.