პირველი საველე ჰოსპიტალი საქართველოში რომელიც დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოეწყო | 16.08.2021

პირველი საველე ჰოსპიტალი საქართველოში დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოეწყო, ეს ადგილი ახლა სპორტსმენების ნაცვლად კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. გართულებული ეპიდემიოლოგიური ვიტარებისა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის გამო ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალში 500 საწოლი უკვე განათავსეს. მობილიზებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს  ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საველე ჰოსპიტალი ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში იყოს გამოყენებული და პაციენტების მართვა ჰოსპიტალურ სექტორში დარჩეს.

დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა და რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ დაათვალიერეს. ამბობენ, რომ საველე ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველა საჭირო დანადგარით და ის მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება. მათივე თქმით აღნიშნულ საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების მიღება იქნება შესაძლებენ.

სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ჯანდაცვის უწყებას აკრიტიკებენ და თვლიან, რომ მეოთხე ტალღის პერიოდში ქვეყანას საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ უნდა დასჭირვებოდა. ამბობენ, რომ საველე ჰოსპიტალი რთული სამართავია და ის შესაბამისი ტექნიკით უნდა  აღიჭურვოს რაც ამ შემთხვევაში  არ ხდება. სპეციალისტები მედპერსონალის პრობლემაზეც საუბრობენ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთული რჩება. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი კიდევ 2676 ადამიანს დაუდასტურდა. 30 ადამიანი კი გარდაიცვალა. 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 806 681 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები