13 წელი შინდისის გმირების ტრაგიკული სიკვდილიდან | 11.08.2021

შინდისის გმირების ტრაგიკული სიკვდილიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა საკუთარ ქვეყანას სიცოცხლე შესწირა.  შინდისის გმირების თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის ისტორიის საამაყო ფურცელია. 17 გმირის ხსოვნის პატივსაცემად, ბრძოლის ადგილას დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. შინდისში იმყოფებოდნენ მთავრობის და ოპოზიციის წევრებიც. დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა  11 აგვისტოს გარდაცვლილ უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შინდისის გმირების უკვდავსაყოფად ახალი მონუმენტი დაიდგმება.  მემორიალის მშენებლობა 2011 წლიდანაა დაგეგმილი, თუმცა ის ამ დრომდე არ დასრულებულა.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.