13 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან | 07.08.2021

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. რუსული აგრესიის შედეგად 2008 წელს 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი.  კონფლიქტის შედეგად, იძულებით გადაადგილებულ პირებს, კიდევ 130 000 ადამიანი შეემატა. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. საქართველოს მოქალაქეები დღემდე მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ.

დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავეს. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.

ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინიტრო ვრცელ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. განცხადებაში ნახსენებია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ოფიციალური მოსკოვი დამნაშავეა, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების მკვლელობასა და სიცოცხლის უფლების ხელყოფაში, წამებაში, არაადამიანური და ღირსების შემლახველ მოპყრობაში,  ეთნიკურ წმენდასა და ქართული სოფლების გადაწვაში, გაძარცვასა და განადგურებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განლაგება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები