აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგაც, რუსეთისადმი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება უცვლელია | 07.08.2021

აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგაც, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება უცვლელია. საქართველოს მეგობარი ქვეყნები რუსეთს,  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის  აღიარების უკან წაღებას და საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანას სთხოვენ. მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ.

“ცამეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. მას შემდეგ ათასობით ადამიანი აღმოჩნდა გამოძევებული, დევნილი და გაღატაკებული. ბევრი დაიღუპა.რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა.  ეს უნდა დასრულდეს. მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაკავებული ჰყავთ საოკუპაციო ძალებს, უპირობოდ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები კვლავ გაერთიანდნენ,” – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

“კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას,” –  ამ განცხადებას რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე განცხადებით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს.

საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ, სლოვენიის, ლიეტუვასა და  ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე ევროპელი პოლიტიკოსები. მათ შორის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ  რუსეთი ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას.

“ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მისი მოსახლეობის გვერდით დგას სრულ დეოკუპაციამდე,” – აცხადებს კრამონი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები