ოკუპანტი რუსეთის მორიგი ცინიზმი – საგარეო უწყება ქართულ მხარეს ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს | 06.08.2021

რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს, თუმცა საქართველოს რუკიდან ოკუპირებ ტერიტორიებს აქრობს. ჩრდილოელი მეზობლის საგარეო უწყების განცხადებაში ნახსენებია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც პუტინის რეჟიმისთვის კრიმინალია.

რუსეთის საგარეო უწყებას პასუხი უკვე გასცა ოფიციალურმა თბილისმა. ქართული მხარისთვის ოკუპანტის განცხადება, მაშინ, როცა ტერიოტირების 20% ჯერ ისევ ოკუპირებულია, ცინიკური და მიუღებელია. საქართველომ რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპის სასამართლოს ის განაჩენი, რომლის მიხედვითაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს ახორციელებს და ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს.

ლავროვის უწყების პროვოკაციულ განცხადებას ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთს ყველაზე მეტად არა სააკაშვილი, არამედ მის მიერ შექმნილი წარმატებული სახელმწიფო აშინებს, “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან მისი დევნა კი ამ კამპანიის ნაწილია. მისივე თქმით, რუსეთის ერთადერთი მიზანი ქვეყანაში ქაოსი, არეულობა და ხალხის სიღარიბეში ჩაგდებაა.

აგვისტოს ომის წლისთავზე ოკუპანტი ქვეყნის განცხადება ოპოზიციამ უკვე შეაფასა როგორც თავხედობა. ამბობენ, რომ ამ განცხადებით რუსეთმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათთვის ერთგვარი საყრდენია. რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შინაარსი დაგმეს “ქართული ოცნების” წევრებმაც, რომლებიც ამბობენ, რომ სანამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარები არ გავლენ, იქამდე მათთან ჯანსაღი ურთიერთობა ვერ აღდგება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები