„ოცნებამ“ ევროპაც გადააგდო, რუსეთის გზას კი უკვე დაუფარავად დაადგა – რას აპირებს ოპოზიცია | 29.07.2021

ნიკა მელია მანდატს ტოვებს, “ნაციონალური მოძრაობა” კი პარლამენტში ფორმალურად რჩება – ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ამ ეტაპზე ბოიკოტის რეჟიმზე უარს ამბობს და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს. პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიას ამბობს, რომ გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ ევროპაც გადააგდო. საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ელენე ხოშტარიამაც. ამბობს, რომ  გეგმები უცვლელია და  ოცნებას 2 თვეში  სახლში წასვლა მოუწევს.

“სამომავლო გზა საქართველოსთვის” – ამ სიტყვებით იწყება შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც ახლა ერთი ჩვეულებრივი ქაღალდია. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მიშელის დოკუმენტი გაუქმებულად გამოცხადდა, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულმა  გამოხმაურებებმა არ დააყოვნა. ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტი უკვე დატოვა, სხვები ფიქრის რეჟიმში არიან. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ოცნებამ” მოკავშირეები მას შემდეგ გადააგო, რაც დარწმუნდა, რომ მათი რეიტინგი 43%-ს ჩამოცდა.

იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოატყუა ყველა – ოპოზიცია თანხმდება, თუმცა წყალგამყოფი  მათთვის ბრძოლის სტრატეგიაა. ოპოზიცის ერთი ჯგუფი ამბობს, რომ პარლამენტიდან გასვლას არათუ არ აპირებენ, არამედ არც განიხილავენ. ოპოზიციის ნაწილს კი ჯერ კიდევ სჯერა, რომ მიუხედავად “ოცნების” ღია განაცხადისა, მიშელის დოკუმენტს არსებობის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

ოპოზიციამ ევროპარლამენტარებთან აქტიური კომუნიკაცია უკვე დაიწყო. ხელისუფლების ოპონენტები შველას ისევ საერთაშორისო მხარისგან ითხოვენ, რადგან მათი აზრით ქვეყანა ღიად პრორუსულ გზას დაადგა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახლა სანქციები არის ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც “ქართულ ოცნებას” უკან დახევას და შეთანხმებაში დაბრუნებას აიძულებს.

მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ გამოწვეულ მწვავე კრიტიკას უერთდება “ქართული ოცნება”, თუმცა მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც “ნაციონალურ მოძრაობაზეა” საუბარი. უმრავლესობა ამბობს, რომ კრიტიკას ელოდნენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ყველაფერი უმოკლეს დროში გაირკვევა. “ოცნების” წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ვერ იქნებოდნენ იმ ხელშეკრულების ნაწილი, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერდა.

უმრავლესობა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მთავარი ოპონენტის ხელმოწერის გარეშეც ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდნენ. თუმცა, გუშინ მმართველმა პარტიამ, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები