ოპოზიციური სპექტრის მწვავე რეაქცია „ოცნების“ მხიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე | 28.07.2021

“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას, ოპოზიციური სპექტრის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პარტია “ლელო საქართველოსთვის” არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. “ლელო” ოპოზიციურ პარტიებს სასწრაფო კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლით მმართველმა პარტიამ უარი თქვა ევროპულ მომავალზე და  რუსეთის გზას დაადგა.

“ქართულ ოცნებას” თაღლითობაში ადანაშაულებს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი. გიორგი ვაშაძე მოუწოდებს სტრატეგიულ პარტნიორებს გამოიყენონ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აღსრულების მექანიზმები და დააბრუნონ მმართველი პარტია შეთანხმებაში.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი თქვა და პარლამენტში არ შევიდა. შალვა ნათელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში შესულ ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს კი ივანიშვილის ქონების დაყადაღებისკენ  მოუწოდებს.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს ტოვებს ზურა გირჩი ჯაფარიძე. ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ შეთახნმება უკვე აღარ არსებობს და არც ვალდებულება არსებობს. ჯაფარიძე თვლის, რომ “ქართულ ოცნებას” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის აღების შანსი არ აქვს და სწორედ ამიტომ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან.

“ქართული ოცნების მორიგი უტიფარი განცხადება” – ასე აფასებს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომლებსაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას “ქართული ოცნების” დაბალ რეიტინგს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები კი ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პასუხისმგებლობას “ნაციონალურ მოძრაობას” აკისრებენ.

რამდენიმე თვიანი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ შარლ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, ქვეყნაში რიგგარეშე საპარლაემნტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო, თუმცა ხელმოწერიდან ზუსტად 100 დღის თავზე  “ქართულმა ოცნებამ” შეთანხმების ანულირება მოახდინა.