პარტიების ნაწილი არც საკუთარი კანდიდატის დასახელებას და არც მხარდაჭერის გამოცხადებას ჩქარობს | 27.07.2021

კახა კალაძე და ნიკა მელია – ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებზე თბილისელებს არჩევანის გაკეთება სავარაუდოდ, ამ 2 მთავარ კანდიდატს შორის მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, პარტიების ნაწილი არც საკუთარი კანდიდატის დასახელებას და არც სხვისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას ჩქარობს. ამ დრომდე ფიქრის რეჟიმშია ხაზარაძე-ჯაფარიძის “ლელო”, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების გახმოვანებას უახლოესი პერიოდისთვის აანონსებს.

დიდი ალბათობით, ბრძოლის დამოუკიდებელ გზას აირჩევს გიორგი ვაშაძის პარტია, თუმცა მათი სამოქმედო გეგმის შესახებ ჯერ კიდევ ცოტა რამაა ცნობილი. თბილისის მერობის არჩევნებზე ოპოზიციონერ კოლეგებს საარჩევნო ხმებში არ შეეცილება ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”. ელისაშვილი დარწმუნებით ამბობს, რომ არჩევნებში არ ჩაერთვება, თუმცა მხარს არც კალაძეს და არც მელიას არ დაუჭერს.

გამარჯვებაში უკვე დარწმუნებულია მმართველი გუნდი, რომელსაც არც ოპოზიციის ერთობის და არც მათი წარმატების არ სჯერა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ კახა კალაძე ამ არჩევნებზე დაახლოებით 70%- მიიღებს და პირველივე ტურში დასამხურებულ გამარჯვების მოიპოვებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დასახელება მიხეილ სააკაშვილის თამაშია, რადგან ის მელიაზე ეჭვიანობს.

ჯერ ისევ დუმს გიორგი გახარიას ახლად შექმნილი პარტია, რომელიც  არჩევნებში გამარჯვებას ასევე  აქტიურად აანონსებს. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, რომ თბილისის მერად მხარი ნიკა მელიას დაუჭიროს. ერთიან კანდიდატებს შორისაა ელენე ხოშტარიაც, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს, ვიცე მერი კი “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე იქნება.