კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა საქართველოში – საავადმყოფოებში გეგმიური სერვისები გაჩერდა | 27.07.2021

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იზრდება. ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 3 666 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს კიდევ 17 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რიცხვი 5731-მდე გაიზარდა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით კოვიდპაციენტების ნახევარი დელტა შტამით არის ინფიცირებული. ქვეყანაში გამოვლინდა დელტა+ ით ინფიცირების ორი შემთხვევაც. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში მკაცრ ლოქდაუნს არ განიხილავს, თუმცა მკაცრდება არსებული რეგულაციების აღსრულება. კონტროლი გამკაცრდება პირბადის ტარების წესზე და სხვადასხვა მასშტაბური ღონისზიებების გამართვაზე. მკაცრად გაკონტროლდება საზღვრებიც, რათა ქვეყანაში ინფიცირებული პირები არ შემოვიდნენ.  ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახლა ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების დაცვაა.

გართულებული ეპიდვითარების ფონზე საავადმყოფოებში ე.წ გეგმიური სერვისები გაჩერდა და კლინიკები გადაუდებელ დახმარებაზე გადადიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სხვადასხვა კლინიკებში საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამ დროისთვის კლინიკებში 5185 ადამიანია მოთავსებული და იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გაგრძელდება, ქვეყანაში თავისუფალი საწოლების პრობლემა შეიქმნება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ 418 398 პირია აცრილი. გუშინ ყველაზე მეტი 13 800 ადამიანი აიცრა. დღეისთვის კი ვაქცინაცია 14 300 ადამიანს ჩაუტარდება. აცრების ნახევარზე მეტი დაახლოებით 55% “ფაიზერზე” მოდის.