მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და ვაქცინაცია ხარვეზებით | 26.07.2021

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთულია. ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 375 ტესტიდან კორონავირუსი 1264 ადამიანს დაუდასტურდა. ისევ მაღალია ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელიც. ბოლო დღე-ღამეში COVID_19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი კორონავირუსს უკვე 5 714 პირი ემსხვერპლა. მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საპროტესტო აქციებს უკავშირებს და  ამბობს, რომ ინფიცირების გაორმაგებული მაჩვენებელი რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია.

პრემიერის განცხადებას იზიარებენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისრტი მიიჩნევს, რომ პანდემიის გავრცელებას ხელი მაშტაბურმა აქციებმა შეუწყო, სადაც, მისი თქმით არანაირი რეგულაციები დაცული არ იყო. მინისტრები მოსალხეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მასობრივი იმუნიზაციის შემთხვევაში პანდემიასთან ბრძოლა შეზღუდვების გარეშე შესაძლებელი იქნება.

დღიდან ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინით აცრა დაიწყო. მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულება და 120-მდე ბრიგადა მოემსახურება. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი “ფაიზერით”, ყოველდღიურად დაახლოებით 8000 ადამიანი უნდა აიცრას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე “ფაიზერზე” ჯავშანი უკვე 154 621-მა ადამიანმა გააკეთა. მინისრის მოადგილის თქმით მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ ექნებათ. მაღალი აქტივობის გამო ჯანდაცვის უწყება ამცრელი ბრიგადების და კლინიკების რაოდენობის გაზრდასაც აპირებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა აცრა ნიკოლოზ ყიფშიზის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა. მინისტრთან ერთად ვაქცინაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს თანმშრომლებსაც ჩაუტარდათ. ზალკალიანი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებშიც. კლინიკებში ამბობენ, რომ ამერიკულ ვაქცინაზე  მიმართვიანობა საკმაოდ  მაღალია.

მაღალი აქტივობის ფონზე ოპოზიცია ვაქცინაციის პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და მთავრობას ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს. “ევროპული საქართველოს” წევრი, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ დიდ ქალაქებში ადგილები აღარ არის, რის გამოც მოქალაქეები ვეღარ იცრებიან. ამიტომ საჭიროა ამცრელი პუნქტების რაოდენობის დროულად გაზრდა. კალოიანი ბიუროკრატიულ ბარიერებზეც საუბრობს და ამბობს, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტი ხელმისაწვდომი არ არის.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზააციის პროცესი 4 პრეპარატით, “ფაიზერის”, “ასტრაზენეკას”, “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინებით მიმდინარეობს. აგვისტოს შუა რიცხვებში ქვეყანაში “ფაიზერის” დამატებით დოზებს ელოდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები