თითქმის ორი კვირის შემდეგ ნაცემ ჟურნალისტებს და ოპერატორებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ | 20.07.2021

5 ივლისის მოვლენებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, ნაცემ  ჟურნალისტებს და ოპერატორებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.  სამართალდამცავები ამ დრომდე სწავლობენ ყველა იმ ვიდეომტკიცებულებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარედგინა. პარალელურად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა ეტაპობრივად  გრძელდება.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ  “ტვ პირველის” ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ბრალდებულმა “ტვ პირველის” ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  5-6 ივლისის ძალადობის ფაქტზე, ამ დროისთვის რადიკალური დაჯგუფების 26 წარმომადგენელია დაკავებული.  გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება. თუმცა, აპირებს თუ არა  ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი- ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას, პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.