დეკანოზს პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს – მეუფე ნიკოლოზის სკანდალური განცხადება “ციანიდის საქმეზე” | 20.07.2021

სკანდალური განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ.  ახალქალაქის, კუმურდოს და კარის  მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი გახმაურებულ საქმეზე სპეციალურ ვიდეომიმართვაში საუბრობს.  მეუფე ნიკოლოზი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ სწორედ ციანიდის საქმის შემდეგ დაიწყო  ეკლესიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა.

მეუფე ნიკოლოზის სკანდალური განცხადება ერთგვარი აღიარებაა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისთვის.  მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა ფიქრობს, რომ სინოდის წევრის განცხადებებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ. მეუფე ნიკოლოზის ვიდეოიმართვას პირდაპირ ლუსტრაციას უწოდებს დეკანოზ მამალაძის ადვოკატიც.

პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.   საგამოძებო უწყების ინფორმაციით, სასულიერო პირი თეთრუაშვილის მკვლელობას შურისძიების მოტივით, ციანიდის დახმარებით გეგმავდა. სასულიერო პირს, ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.