რა შანსები აქვს კახი კალაძეს და ვინ იქნება ის, ვისაც კალაძის დამარცხების ყველაზე დიდი შანსი ექნება | 20.07.2021

ვინ არის “ქართული ოცნების” პოსტერზე გამოსახული ადამიანი, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და პოსტერზე გამოსახული  პიროვნების ამოცნობა არავის გასჭირვებია. კალაძე იქნება ის კანდიდატი, რომელიც თბილისელების გულის მოგებას კიდევ ერთხელ ეცდება და საარჩევნო მარათონში ჩაერთვება. “ქართული ოცნება” პარტიის ერთ-ერთ ყველაზე ძველ სახეს საზოგადოებას ოფიციალურად დღეს საღამოს წარუდგენს.

“ქართული ოცნების” არჩევანს, კანდიდატად ისევ კახა კალაძე დაასახელოს, კრიტიკული და ამავედროს ირონიული შეფასებები მოჰყვა არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ პოლიტიკურ სპექტრშიც. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირეძემ წუხილი გამოთქვა, რომ კალაძე მის ტანისამოსს ვეღარ გამოაჩენს, რადგან მას, როგორც “ოცნების” მთავარ სახეს საზოგადოებაში გამოჩენის მორალური უფლება აღარ ექნება.

კალაძის ფიგურა აშინებს და ანგარიშგასაწევ ძალად აფასებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილი, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში  კალაძესთან დამარცხდა, ფიქრობს, რომ ოპოზიციას მისთვის შესაბამისი კანდიდატის დაყენება გაუჭირდება. ელისაშვილის ამ  შეფასებებს  იზიარებენ პარტია “გირჩის” წევრებიც.

რა შანსები აქვს კალაძეს და ვინ იქნება ის ადამიანი, რომელსაც კალაძის დამარცხების ყველაზე დიდი შანსი ექნება. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გადაწყვიტა რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებში და ეყოლებათ თუ არა ერთიანი კანდიდატი. ხელისუფლების ოპონენენტები ყველა კარტის გახსნას უახლოესი რამდენი კვირის განმავლობაში აპირებენ.

ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კახა კალაძე თბილისის მერის თანამდობებობას უკვე 4 წელია იკავებს, ამ ხნის განმავლობაში კი მისმა საქმიანობამ კორუფციის მკვლევარებს უამრავი კითხვა გაუჩინა. ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ კორუფციული გარიგებების ეჭვები იმდენად სერიოზულია, რომ საგამოძიებო უწყებას კონკრეტული საქმეებით უნდა დაინტერესდეს.

მილიარდ 100 მილიონი – სწორედ ამ თანხის განკარგვა შეეძლება იმ ადამიანს, რომელიც თბილისის მერის პორტფელს ჩაიბარებს. კახი კალაძე კი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით “ქართული ოცნებიდან” წასვლას აპირებდა, არსად არ მიდის და საარჩევნო კამპანიას იწყებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები