ზელენსკის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოში უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს | 19.07.2021

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის წინ უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული  უკრაინის ორი მოქალაქე, ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი  თავისუფლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ 4 დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის  უკრაინის პრეზიდენტი ქართულ მხარეს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ twitter-ში დაწერა. საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეწყალების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. სააკაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თვითმფრინავი საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ გამოფრინდა, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა.