შარლ მიშელმა „ოცნებას“ შეახსენა, რომ ფინანსური დახმარება 19 აპრილის შეთანხმებაზეა დამოკიდებული | 19.07.2021

მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთახნმების და ეს წინაპირობაა საქართველოსთვის ეროკავშირის მაკროფინანსური დახმარების – საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა,  რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარება სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა კონსულტაციების შედეგებს არ ასახავს და ეს არის დაკარგული შესაძლებლობა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე მედიის შეკიტხვებს არ უპასუხა, თუმცა შარლ მიშელი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მოკლე შეფასებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები, პრესის და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

პრემიერ-მინისტრთან კი მედიის წარმომადგენლებს დღეს მხოლოდ ერთი შეკიხთვა ჰქონდათ – როდის გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი შეწყვიტა და ჟურნალისტების შეკითხვას ისევ გაექცა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ევროპული საბჭოს პრეზდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა შარლ მიშელს 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციას, მათ შორის ოპოზიციამ ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშორებით, მმართველი პარტიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. დღეს კი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გამართა. შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის ევროპული მომავალი იყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები