დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე სამედიცინო კომისიის შექმნას ითხოვს | 15.07.2021

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე სამედიცინო კომისიის შექმნას ითხოვს. ექსპერტი, რომელიც “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ოჯახის და ტელეკომპანიის მოთხოვნით ჩაერთო, ამბობს, რომ ლაშქარავას შემთხვევა რთულია და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მხოლოდ მისი და სამხარაულის ექსპერტების ჩართულობით შეუძლებელი იქნება. ამიტომ თვლის, რომ ექსპერტიზის პროცესში ნევროპათოლოგი, ტოქსიკოლოგო, ნარკოლოგი და სხვა სპეციალისტებიც უნდა ჩაერთონ.

კითხვები ბევრია, მათ შორის მთავარი კითხვაა გამოიწვევდა, თუ არა ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო მოხმარება გარდაცვალებას იმ შემთხვევაში, თუ ლექსო ლაშქარავა სასტიკად ნაცემი არ იქნებოდა. ალექსანდრე გეჯაძემ გარდაცვლილი ოპერატორის ავადმყოფობის ისტორია შეისწავლა და როგორც ამბობს, ლექსო ლაშქარავას კლინიკის დატოვების შემდეგაც სახის არეში სისხლჩაქცევა ისევ აღენიშნებოდა, რასაც შესაძლოა ინფექციის განვითარება გამოეწვია.

არსებული მონაცემებით ექსპერტებს მთავარ კითვაზე პასუხის გაცემა უჭირთ. ამ ფონზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას საქმე გარდაცვალებიდან ზუსტად 24 საათში ფაქტობრივად გახსნილად გამოაცხადა. გომელაურის უწყებაში ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე ფონიჭალა ახსენეს და ზედოზირებაზე მიანიშნეს, მეორე დღეს კი, კიდევ ერთ საგანგებო ბრიფინგზე ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია, იმ ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გაამყარეს, რომელიც ჯერ-ჯერობით საერთოდ არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებისთვის მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს – რომ გომელაურის უწყება სასტიკად ნაცემი ოპერატორის გაშავებას და დისკრედიტაციას ცდილობს. ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამინსტრომ უფლებამოსილებას გადაამეტა, ვინაიდან გარდაცვლილის პერსონალური და სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის გასაჯაროების უფლება ექსპერტიზის შუალედური დასკვნის, ოჯახის თანხმობის ან სასამართლოს დადგენილების გარეშე არ ჰქონდა.

მედიკოსებიც ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა და უწყების განცხადებები მხოლოდ საზოგადოებაში წინასწარი აზრის შექმნას ემსახურება. მათი თქმით, ექსპერტიზა, რომელსაც წინასწარი დასკვნის გასაკეთებლად დაახლოებით  ერთი თვე სჭირდება, 24 საათში ვერ დაადგენდა გახდა თუ არა გომელაურის უწყების მიერ დასახელებული მედიკამენტები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი.

ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად გარდაცვლილი ოპერატორის ცხედარი სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე ნაჩქარევად გადაასვენეს, თუმცა  თავად ექსპერტიზა 4 საათის დაგვიანებით დაიწყო. სამხარაულის ბიუროში გვიან შეუშვეს დამოუკიდებელი ექსპერტიც. ეს კი იურისტებს კითხვებს უჩენს, ხომ არ ჩაუტარდა ცხედარს რაიმე სახის მანიპულაცია.

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორს ლექსო ლაშქარავას  5 ივლისს თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის  პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მოძრაობა  “სირცხილიას” ოფისში შეჭრილმა მოძალადეებმა მას  სახის ძვლები ჩაუმტვირიეს, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკიდან გამოწერიდან  რამდენიმე დღეში კი  “ტვ პირველის” ოპერატორი დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ნახა.  ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, 13 ივლისს დაკრძალეს. “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი, უკანასკნელ გზაზე მედიის წარმომადგენლებმა  ტაშით გააცილეს.