ოპერატორის გარდაცვალებით ოპოზიციური პარტიები დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობენ – „ოცნება“ | 13.07.2021

ირაკლი კობახიძემ, რომელსაც მხოლოდ პარტიული თანამდებობა უჭირავს, რამდენიმე საათით ადრე უკვე იცოდა, თუ რას იტყოდა გომელაურის უწყება. გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციას ამ დამთხვევის გარდა კიდევ ერთი გარემოება ენიშნა – როგორ მოახერხეს ექსპერტიზის შუალედური დასკვნის დადება ასე სწრაფად, როდესაც სხვა გახმაურებულ საქმეებზე ექსპერტიზა დიდი ხნით ჭიანურდება. ოპოზიცია ახლა ვახტანგ გომალურის პარლამენტში მისვლას ელოდება, რომელსაც პასუხების გაცემა არა მხოლოდ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე, არამედ 5-6 ივლისის მოვლენებზეც მოუწევს.

გამოძიებისადმი სრული ნდობა აქვთ “ქართული ოცნების” წევრებს, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას გმობს, თუმცა ფიქრობს, რომ 5 ივლისს პოლიციის რეაგირება ადეკვატური და ეფექტური იყო. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებით რიგი ოპოზიციური პარტიები მანიპულირებენ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობენ.

ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ დღეიდან საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტოს. ერთი  ნაწილი გუშინვე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს, თუმცა ამ ეტაპზე ოპოზიცია საჭირო 76 ხმას ვერ აგროვებს. უნდობლობის გამოცხადებას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის მეორე ნაწილი.

საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, დავით ბაქრაძეც, რომელიც პარლამენტში ყოფნის საჭიროებას უკვე ვეღარ ხედავს. ამბობს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის წინააღმდეგ წამოწყებული შავი პიარ კამპანიის ფონზე მისთვის პლენარულ სხდომათა დარბაზში ჯდომა წარმოუდგენელია.

ოპოზიციის ბოიკოტზე საუბარი მმართველი პარტიისთვის არასერიოზულია. ხელისუფლებას ამ ეტაპზე არც მრავალათასიანი ქუჩის აქციები და არც დიპლომატების მწვავე კრიტიკა აშინებს. “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ ყველა ახლა გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს,  მანამდე კი საუბარი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე, გაუგებარია.

შარლ მიშელის დოკუმენტით ან მის გარეშე პარლამენტში შესული პარტიები მისი დატოვებით კიდევ ერთხელ იმუქრებიან და დებენ პირობას, რომ ამჯერად “ქართული ოცნება” პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევა.