ტაში და დახრილი კამერები და მსვლელობა – ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე გააცილეს | 13.07.2021

“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი, სახლის ეზოდან მედიის წარმომადგენლებმა  ტაშით გააცილეს. კოლეგებმა მისთვის საპატიო დერეფანი მოაწყვეს.  ლექსოს ტაშს აივნებიდან მოქალაქეებიც უკრავდნენ.

დღეს ქართული მედიისთვის მძიმე დღეა. სხვადასხვა ლოგოს და მიკროფონის მიუხედავად სათქმელი ერთია – დაისაჯოს ყველა მოძალადე. გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან დღეს მისი დამტვრეული კამერის ნაწილებიც მიიტანეს.

„ტვ პირველის“ ოპერატორის სახლთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. ლექსოს ოჯახს სოლიდარობა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივსტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გამოუცხადეს. გარდაცვლილი ოპერატორის დაკრძალვაზე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა. ოჯახს სამძიმარი პირადად, მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გამოუცხადა.

საგამოძიებო უწყების შუალედური დასკვნით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება ყოფილიყო. ამ ვერსიის არ სჯერათ ოჯახის წევრებს. ლექსო ლაშქარავას დედის აზრით, პროკურატურა თავისი ვერსიებით გარდაცვლილის სახელის წაბილწვას ცდილობს. ლექსოს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ნარკოტიკების ზედოზირებით არ გარდაცვლილა.

ლექსო ლაშქარავას  5 ივლისს თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის  პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მოძრაობა “სირცხილიას” ოფისში შეჭრილმა მოძალადეებმა მას  სახის ძვლები ჩაუმტვირიეს, რის გამოც ლექსო  ლაშქარავას ოპერაციაც ჩაუტარდა. კლინიკიდან გამოწერიდან  რამდენიმე დღეში კი  “ტვ პირველის” ოპერატორი   საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ნახეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები