ცესკო ახალი თავმჯდომარის მოლოდინში – სპეციალურმა კომისიამ ორი კანდიდატი შერაჩია | 09.07.2021

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია  – რამდენიმე დღიანი მოსმენების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ უკვე შეარჩია ის ორი ადამიანი, ვინც ცესკოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. კომისიისთვის ყველაზე მისაღები საარჩევნო კომისიის ორი მოქმედი თანამშრომელი, გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი აღმოჩნდა. კალანდარიშვილი ბოლო არჩევნების დროს უწყების ადამანური რესუსრების მართვის დეპარტამენტის უფროსი, სანტურიანი კი იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო. მათი სახელები პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა, რის შემდეგად სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს წარუდგინოს თუ არა ისინი საქართველოს პარლამენტს.

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც 11 წევრისგან შედგებოდა, პრეზიდენტს ცესკოს წევრობის 5 კანდიდატიც შესთავაზა. სიაშია ცესკოს ყოფილი პრესპიკერი, ანა მიქელაძე, რომელმაც პოსტი არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ბუნდოვანი მიზეზით დატოვა. მესამე სექტორმა, რომელიც ცესკოს თავმდჯომარეობის კანდიდატებს რამდენიმე დღის განმავლობაში უსმენდა, გადაწყვიტა მხარი არცერთი მათგანისთვის არ დაეჭირა. არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა ვერც შერჩეულმა ორმა წევრმა, რომლებიც მათი თქმით, სანდოობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდნენ.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას უკვე გაეცნო ოპოზიცია, რომელსაც აქამდე არსებული ეჭვები კიდევ უფრო გაუმყარდა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ თამარ ჟვანიას ბრძანებების შემსრულებელი პირების შერჩევა, კიდევ ერთი დასტურია, რომ ცესკოს მმართველი პარტია მართავს. ოპოზიცია უკვე დარწმუნებით ამბობს, რომ თუ ეს კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს მაინც გადაეგზავნება, ისინი მათ მხარს არ დაუჭერენ.

კითხვები და ეჭვები რომელიც ოპოზიციას გაუჩნდა გაუგებარია “ქართული ოცნებისთვის”. მმართველი პარტია ფიქრობს, რომ პროცესი რომელიც თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ დაიწყო ჯანსაღია, “ქართულ ოცნებას” კი კანდიდატურების შერჩევასთან არანაირი შეხება არ აქვს. “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც პრეზიდენტი პარლამენტს შესაბამის განკარგულებას გადაუგზავნის.

სალომე ზურაბიშვილმა კომისიის მიერ შერჩეული კანიდატები უახლოეს დღეებში უნდა განიხილოს და საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნოს. რეგლამენტის მიხედვით, თავმდჯომარის დამტკიცებას 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა თუ საჭირო რაოდენობის ხმები ვერ შეგროვდება, არჩევა 90 ხმით იქნება შესაძლებელი. კენჭისყრის კიდევ ერთხელ ჩავარდნის შემთხვევაში კი ცესკოს ახალ თავმჯდომარეს უბრალო უმრავლესობა უკვე 6 თვით აირჩევს.