„უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ – მედიის წარმომ,ადგენლების აქცია კანცელარიასთან | 07.07.2021

უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ – ამ ლოზუნგით მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათ ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართული ძალადობა გააპროტესტეს და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა  შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხისმგებლობის აღებისა და საქმეების დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს. აქცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით გაიმართა. ქარტიის თავმჯდომარემ, კამილა მამედოვამ “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული ძალადობა სწორედ  ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული.

მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინაც შეიკრიბნენ და დუმილის აქცია გამართეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების ოპერატორებმა, ფოტოგრაფებმა და ჟურნალისტებმა 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიება მოითხოვეს. მათი თქმით, ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელია, გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მედიაზე იძალადა და მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.