ძალადობა, არის დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესებში – ღარიბაშვილი-ევროკომისრის ერთობლივი ბრიფინგი | 07.07.2021

“ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით” – ასე აფასებს ევროკავშირის კომისარი ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას. ოლივერ ვარჰეი თბილისში ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ევროკომისარი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ დღეს დილით ევროკავშირის დროშა თავის ადგილზე პარლაემნტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა. ოლივერ ვარჰეიმ განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მოძალადე ჯგუფების ქმედებებს მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ მომხდარი მხოლოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის და დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესებში შეიძლება იყოს.

“არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან. მან მითხრა, რომ ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები სრული მასშტაბით და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში, სრული სიმკაცრით დაისჯება. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რა თქმა უნდა ეს საქართველოს პრეროგატივაა და, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ნათელია, არსებობს პროცედურა განაცხადის შეტანისთვის ევროკავშირში წევრობაზე. თუმცა, როცა ქვეყანა ცდილობს, ამხელა განაცხადი გააკეთოს, მან არგუმენტირებულად უნდა გაამყაროს საკუთარი პოზიცია. ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია, დაძლიოს ყველა ის გამოწვევა და ყველა ის პირობა შეასრულოს, რაც არსებობს წევრობისთვის. საუკეთესო გზა ამ გზაზე წინსვლისთვის არის სწორედ იმ დათქმების შესრულება, რაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი არსებული მექანიზმებით, რომ საქართველო კიდევ ერთხელ დაუახლოვდეს ევროპას,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები