ალყაში მოქცეული რუსთაველის გამზირი და ძალადობრივი ჯგუფების ჩავარდნილი გეგმა – 7 ივლისის ქრონოლოგია | 07.07.2021

ალყაში მოქცეული რუსთაველის გამზირი და ძალადობრივი ჯგუფების ჩავარდნილი გეგმა. გუშინ საღამოს 20:00 საათიდან, შუაღამემდე, თბილისის ცენტრი რადიკალების შეტევის მთავარი სამიზნე იყო. პარლამენტის წინ იქ, სადაც სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად,  ჟურნალისტებზე ძალადობას აპროტესტებდა, მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. ულტრანაციონალისტური ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას და აქციაზე შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც 100 ადამიანი დაკავეს. პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე 68 მათგანი უკვე გაათავისუფლა, 32 კი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

კონტრაქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, კვერცხებს, რკინის ნივთებსა და შუშის ბოთლებს, რის გამოც რამდენიმე ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ანტიძალადობრივი აქციის მიწურულს მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციას ნიღბიანი სამართალდამცველების დამატება მოუხდა, თუმცა სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გომელაურის უწყებამ საქმეში მაინც არ ჩართო.

საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს გუშინ აქციის მონაწილეებისთვის იმის ახსნა მოუწია, რატომ არ შლიდა პოლიცია მოძალადე ჯგუფების აქციას, მაშინ როცა ეს მეთოდი ოპოზიციურ აქციებზე აქტიურად გამოიყენება.

მიუხედავად უსაფრთხოების მკაცრი ზომებისა, კონტრაქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის კორდონის გადაკვეთა და პარლამენტის წინ მოხვედრა მაინც მოახერხა. პროვოკატორები ლგბტ აქტივისტებს უვარდებოდნენ და მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეუარცხყოფას აყენებდნენ, ყველა ასეთი ფაქტი კი მათი დაკავებებით სრულდებოდა.

გუშინდელ აქციას შეუერთდა თბილისი პრაიდიც, რომელმაც ძალადობის მაღალი რისკის გამო 2 დღის წინ დაგეგმილი ღირსების მარში გააუქმა. ლგბტ აქტივისტებმა პარლამენტის წინ ცისარტყელას დროშა გაშალეს და თანასწორობა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციას მოწოდებით, არა ძალადობას – სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, სახელწმიფომ მოქალაქეები უნდა დაიცვას, ეს კი 5 ივლისს პოლიციამ ვერ მოახერხა.

მედიისთვის და ყველა უფლებაწართმეული ადამიანისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ პოლიტიკოსებიც. ხელისუფლების ოპონენტები ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე მთავარ პასუხისმგებელ პირებად ირაკლი ღარიბაშვილსა და საპატრიარქოს მაღალ იერარქებს ასახელებენ.

გუშინდელი აქციის ბოლოს პოლიციამ მოძალადე ჯგუფები არათუ ადგილიდან განარიდა, არამედ რუსთაველის გამზირზე შესვლის უფლება მისცა. რადიკალებმა ევროკავშირის დროშა ამჯერადაც ჩამოხსნეს და დახიეს. პოლიციამ მედიის წარმომადგენლები სპეციალური კორიდორის საშუალებით მიმდიბარე ტერიტორიიდან გაიყვანა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები