თავდასხმების სერია – პრორუსულმა ჯგუფებმა 30-ზე მეტ ჟურნალისტს მძიმე დაზიანებები მიაყენეს | 05.07.2021

ფიზიკური დაპირისპირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და თავდასხმების მთელი სერია – მთელი დღის განმავლობაში,  თბილისის ცენტრში  შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდნენ. თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამოსული ულტრანაციონალისტური და პრორუსული ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩეოდნენ. დაშავდა 30-ზე მეტი  მედიის წარმომადგენელი, ნაცემია ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი – რატი წვერავა, დაზიანებები მიიღეს “ტვ პირველის”, “მთავარი არხის”, “რუსთავი 2”-ის, “1 არხის”, “ტაბულას”,  “პალიტრანიუსისა” და “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტებმაც. ჟურნალისტებზე ნადირობის დროს ტექნიკა დაუმტვრიეს კიდევ რამდენიმე არხის გადამღებ ჯგუფებსაც.

დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის ცენტრში პოლიცია ვითარების  ნორმალიზებას ცდილობდა, თუმცა რეაგირება არასაკმარისი. პოლიციის მობილიზების ფონზე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კანონი არაერთხლ დაარღვიეს და  თანამოქალაქეებს ფიზიკურად  არაერთხელ დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები არ ერიდებოდნენ  ჯოხების, კვერცხების და სხვა ნივთების მედიის წინააღმდეგ გამოყენებას. რადიკალურმა ჯგუფებმა დღეს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა და მისი დარბევაც სცადეს, თუმცა ეს საბოლოოდ ვერ მოახერხეს.

კადრები, რომლებიც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, არაფრისმთქმელი აღმოჩნდა საპატრიარქოსთვის. საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ მომხდარი ისევ ჟურნალისტებს დააბრალა. მისი თქმით, საქმე აქამდე იმიტომ მივიდა, რომ თბილისი პრაიდმა მარში არ გააუქმა.

აქციის მონაწილეები ურტყამდნენ და აზიანებდნენ ყველაფერს რაც გზად ხვდებოდათ. რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა უცხოელ ტურისტს, რომელიც საყურეს ატარებდა, ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე  დააკავა. სავარაუდოდ, ჩაცმულობის გამო თავს დაესხნენ ქუჩაში მოსიარულე მოქალაქესაც.

ულტრანაციონალისურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა შტურმით აიღეს თბილისი პრაიდის ოფისიც. აგრესიული ადამიანები შენობის აივნებზე აძვრნენ და ლგბტ დროშა ჩამოხიეს. პოლიციას ამ შემთხვევაშიც არავინ დაუკავებია.

ძალადობით დაწყებული აქცია სასულიერო პირებმა დღეს ლოცვით გააგრძელეს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ღირსების მარში აღარ გაიმართებოდა, ეკლესიამ რუსთაველის გამზირზე პარაკლისი გადაიხადა. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, თბილისში  ჩამოვიდნენ რიონის ხეობის მცველები, რომლებიც ამბობებ, რომ ძალადობას გმობენ, თუმცა მოძალადეების გვერდით დგომა უხერხულობას არ უქმნით.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდისა და “სირცხვილიას” ოფისების დარბევის, ასევე  ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით  გამოიძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მედიამ ძშალადობის არაერთი ფაქტი დააფიქსირა, პოლიციის მიერ დაკავებული მოძალადეების რიცხვი ჯერ ისევ  ნულია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები