რადიკალური ჯგუფების ქცევას ადეკვატური რეაგირება უნდა მოყვეს – ჩაიშლება თუ არა ღირსების მარში | 02.07.2021

თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება მწვავე დაპირისპირების ფონზე, თუმცა მაინც ჩატარდა. აგრესიულმა ჯგუფებმა ვითარების დაძაბვა რამდენჯერმე სცადეს.   ისროდნენ ქვებს,ბოთლებს და კვერცხებს. პოლიციამ  სიტუაციის განსამუხტად პრაიდის მოწინააღმდეგები დააკავა, თუმცა მოგვიანებით   ძალადობრივი, რადიკალური ჯგუფის 23 წევრიდან 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პრაიდის ორგანიზატორებმა  და სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე დატოვეს.

თბილისი პრაიდის კვირეულის მშვიდობიანი ფორმით ჩატარებაზე ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მათი ნაწილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ღია დანაშაული  უფრო ეფექტურად უნდა აღეკვეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში დამნაშავეები  შერჩევითად ისჯებიან.

“ძალადობა დაუშვებელია თუმცა სჯობს პრაიდის ორგანიზატორებმა ძალადობრივი ჯგუფების გამოწვევისგან თავი შეიკავონ”, –  ასეთია  ხელისუფლების პოზიცია.

ხელისუფლების განცხადებების მიღმა ძალადობის წახალისებას ხედავს მესამე სექტორი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ რადიკალური ჯგუფების ქცევას მმართველ გუნდის მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს. როგორც  ეკა გიგაური   აღნიშნავს, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები თვლიან, რომ მათ არ დასჯიან, რაც ჰქმნის მოლოდინს, რომ კონტრაქციები კვლავ გაიმართება.

რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგობის  და მუქარის  მიუხედავად, თბილისი პრაიდის  ორგანიზატორები გეგმების შეცვლას არ აპირებენ და ღირსების მარშისთვის ემზადებიან. ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქის მთავარ გამზირზე   5 ივლისს შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ. ღირსების მარშის პარალელურად კი  პრორუსული, ძალადობრივი  ჯგუფები, ღონისძიების ჩაშლას აანონსებენ.