სასამართლო სისტემა რეპუტაციული დარტყმის წინაშე | 02.07.2021

მართმსაჯულების სფეროში არსებულ პრობლემებზე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც დღეს საჯაროდ აღიარა, რომ სასამართლო სისტემა არაერთი გამოწვევის გამო, საერთაშორისო კრიტიკის მთავარი ობიექტია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი იყო. “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია მოსამართლის მანტია აცვია, ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის გამო საბოლოოდ ისევ ქვეყანა ზიანდება.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პირდაპირ ამბობენ, რომ სასამართლოს კლანი მართავს, კლანის საქმიანობას კი მწვანე შუქს მმართველი პარტია უნთებს. იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრები ფიქრობენ, რომ პარლამენტმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი საბოლოო რეფორმამდე უნდა შეაჩეროს.

სასამართლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები დღეს მართმსაჯულების ფორუმზე განიხილეს, თუმცა ერთადერთი მხარე, რომელიც განხილვაში არ ჩაერთო და შეკრებაზე არ მივიდა “ქართული ოცნება” იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელმაც საკუთარი რეკომენდაციებით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, ამბობს, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვებში არ ჩაერთვებიან, რადგან ამ პროცესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას არ აპირებს. ლოდინის რეჟიმში ახლა უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 9 ადამიანია, თუმცა დაამტკიცებს თუ არა მათ პარლამენტი, ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია. ოპოზიციის ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, რომ მოსამართლეების მოსმენის პროცესში არ ჩართვებიან, რადგან მათი აზრით, ეს 19 აპრილის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

მოსამართლეობის მსურველებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მალე მოუსმენს, თუმცა მანამდე “ქართულ ოცნებას” მედიატორი ელჩებისთვის იმის ახსნა მოუწევს, რომ ეს პროცესი მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგება. “ქართულ ოცნების” წევრებს ოპონენტების მუქარების არ ეშინიათ და არგუმენტად ისევ ვენეციის კომისიის დასკვნა მოჰყვათ. უმრავლესობის აზრით, ერთადერთი მხარე, რომელიც ახლა შეთანხმების დარღვევას ცდილობს ოპოზიციაა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა 9 კაციანი სია პარლამენტს 2 კვირის წინ გადაუგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ მუხლებში ერთ-ერთი საკითხი სასამართლო რეფორმას შეეხება, “ქართული ოცნება” მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას მაინც არ აპირებს. ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ თუ სასამართლოში მდგომარეობა არ გამოსწორდება,  კლანის წევრების წინააღმდეგ დასავლეთი სანქციებს აამოქმედებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები