თამარ ჟვანია გადადგა – ერთი კვირის წიბ, ის აცხადებდა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა | 30.06.2021

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ცესკოს ახალი თავმჯდომარის და განახლებული საარჩევნო კოდექსის პირობებში ჩატარდება. 8 წლიანი მუშაობის შემდეგ თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის  შესახებ მან ვრცელი სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და წასვლის მიზეზები განმარტა. ჟვანია მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ქვეყანაში ახალი რეალობა მოიტანა.  ის დარწმუნებულია, რომ ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა პოლიტიკური თანხმობისთვის ხელშემწყობი იქნება,  მისი გადაწყვეტილება კი პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას გაზრდის. თამარ ჟვანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ის არ მიდის პოლიტიკაში და მის სამომავლო გეგმებს ისევ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას დაუკავშირებს.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გეგმავდა  და აცხადებდა, რომ ის თანამდებობიდან  წასვლას არ აპირებდა. თუმცა, რა შეიცვალა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უცნობია. ჟვანია Facebook სტატუსში ამბობს, რომ მედიასთან დამატებითი განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. ამაზე არც ცესკოში საუბრობენ და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ  თამარ ჟვანია გადადგომას საკანონმდებლო ცვლილებების  შემდეგ გეგმავდა.

“გაყალბების და პოლიტიკური კრიზისის სიმბოლო” – ასე აფასებს თამარ ჟვანიას ოპოზიცია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დისკრედიტირებული არჩევნების შემდეგ ჟვანიას გადადგომა ლოგიკური იყო, ვინაიდან მისი თანამდებობაზე დარჩენა თავად “ქართული ოცნებისთვისაც” მიზანშეწონილი არ იყო.   ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.

თამარ ჟვანიას გადადგომასთან კავშირს უარყოფენ “ქართულ ოცნებაში” და აცხადებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პოსტი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. მმართველი გუნდის წევრებს ჟვანიას ნაბიჯი არ უკვირთ, ვინაიდან, მათი თქმით, ცესკოს თავმჯდომარე თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და წნეხის ქვეშ იყო.

უფელბამოსილების ამოწურვამდე ორი წლით ადრე თამარ ჟვანიას გადადგომას მიესალმებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად გაყალბებულ არჩევნებს ცესკოს შენობასთან რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.  ისინიც დარწმუნებულნი არიან, რომ თამარ ჟვანია არა პირადი, არამედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით გადადგა.

ვინ შეცვლის თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე – ახლა ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უახლოეს პერიოდში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა გაეცეს. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეირჩევა.  ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კი თამარ ჟვანიას მოვალეობას მისი მოადგილე, გიორგი შარაბიძე შეასრულებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები